„ამ ხელისუფლების მთავარი საქმიანობა სწორედ პირადი მონაცემების გამოყენებაა ადამიანების წინააღმდეგ" - აკაკი მინაშვილი
![](http://rustavi2.com/news_photos/41168_cover_b.jpg)
გიორგი პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყების მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციაში.
ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ იმის იმედი, რომ აღნიშმული თემა ხელისუფლებამ გამოიძიოს, არ აქვს.
„მთავარი საქმიანობა ამ ხელისუფლების არის სწორედ პირადი მონაცემების გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ ეს ამბავიც მართალია, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს. გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ ილუზია არ მაქვს, რომ ეს ხელისუფლება რამეს გამოიძიებს,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
იუსტიციის მინისტრსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის მსგავსი ტონით საუბარს არასასიამოვნოს უწოდებენ მმართველ კოალიციაში, თუმცა უმრავლესობაში იმასაც ამბობენ, რომ პაპუაშვილმა სერიოზული ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები უნდა წარმოადგინოს.
„ორი აზრი არ არის, რომ მოკვლევა უნდა დაიწყოს,“ - აღნიშნა ანი მიროტაძემ.
ამავე თემაზე კომენტარს აკეთებს პრეზიდენტის მრჩეველი.
„თუ კი რაიმე მართლაც არსებობს, შანტაჟის მაგვარი ელემენტი, აუცილებელია საზოგადოებამ ამის თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რუსთავი 2-ის შაბათის ეთერში ფარულ მასალებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის დამატებითი დეტალები გაასაჯაროვა.
როგორც გიორგი პაპუაშვილი განმარტავს, ვიდეომასალები, რომლის გასაჯაროებითაც მას ემუქერებიან, ინტიმური ცხოვრების კადრებს არ შეიცავს, ხოლო ფოტო მასალის შინაარსის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.
პაპუაშვილმა თეა წულუკიანი მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.