„შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ მოკლე ვადაში გახსნა ეს დანაშაული" - ნოდარ ხადური პეტრიაშვილის საქმეზე
![](http://rustavi2.com/news_photos/41170_cover_b.jpg)
ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმაში ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეხმაურება. მინისტრი საკითხთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ სამინისტრომ პეტრიაშვილზე თავდასხმა მოკლე დროში გახსნა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მე ვფიქრობ, საკმაოდ მოკლე ვადაში გახსნა ეს დანაშაული და დანარჩენი გამოძიების სათქმელია,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ საქმის გადაკვალიფიცირება მხოლოდ გამოძიების კომპეტენციაა და სამართალდამცველთა კარგ მუშაობაზე აკეთებენ აქცენტს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, გამოძიებამ არ უნდა გაახმაუროს ის დეტალები, რომელიც მას სჭირდება ობიექტურობის დადგენისთვის.
საპარლამენტო უმცირესობაში კი ამბობენ, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა არის მოტივი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმაში ერთ-ერთი ბრალდებული დააკავეს. ეჭვმიტანილი პოლიციამ ბორჯომში აიყვანა. ის 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილია, რომელიც წარსულში ნასამართლევია. კიდევ ერთ პირზე ძებნა მიმდინარეობს.