2015 წელს წინასწარ გამჟღავბეული საგამოცდო საკითხები - მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ახლოვდება
ახლო მომავალში საქართველოში მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები უნდა ჩატარდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იძულებულია, რომ ტესტირება ჩაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი მოსამართლეების დანიშვნა ვერ მოხერხდება.
ჯერ კიდევ 2015 წელს ჩატარებული გამოცდების შემდეგ, სადაც ტესტების შესახებ ინფორმაციამ წინასწარ გაჟონა, ახალი გამოცდები არ ჩატარებულა. ასევე, ვერ მოხერხდა იმის გარკვევა, ვისგან ან რა გზით გაჟონა კონფიდენციალურმა მონაცემებმა.
ინფორმაცია მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაასაჯაროა, რაც მალევე დადასტურდა. იუსტიციის საბჭომ შიდა მოკვლევის შემდეგ დაადგინა, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მასალები პროკურატურას გადაუგზავნა.
ერთი წლის წინ, გაირკვა, რომ საგამოცდო ტესტები სასამართლო სისტემამ გამარტივებული შესყიდვით იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრისგან იყიდა.
გამზადებული ტესტები კი ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის ნაცვლად დღემდე საზოგადოებისთვის უცნობმა კონფიდენციალურმა პირმა ჩაიბარა. მამუკა ახვლედიანის მტკიცებით, ეს საიდუმლო პიროვნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იყო.
ახლა, როდესაც დღის წესრიგში მოსამართლეთა ახალი გამოცდების ჩატარების საკითხი მწვავედ დგას, ისევ არ არის ცნობილი, ვისგან გაჟონა ინფორმაციამ წინა გამოცდების დროს. საინტერესოა, რა შეიცვალა, რომ საგამოცდო საკითხები ახლა მაინც უფრო დაცული იყოს.
გაირკვა, რომ უკვე ერთი წელია შეცვლილი წესების მიხედვით, საგამოცდო ტესტების მომზადება 12 კაციანი საექსპერტო კომისიას ევალება, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღემდე არ შეუქმნია.
ორი კვირის წინ სხდომაზე ის ვარიანტიც განიხილეს, რომ, თუ ტესტებზე მომუშავე ექსპერტთა საბჭოს შექმნა ვერ მოესწრება, გამოცდები ისევ შარშანდელი სისტემით ჩატარდეს.
ავტორი: ლაშა კვესელაძე.