ეს არ არის სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი - სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტის უფლებების შესაძლო შეკვეცას აკრიტიკებს
არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებებს აკრიტიკებენ, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას გულისხმობს.
საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ცვლილება დამტკიცების შემთხვევაში, საფრთხეს სასამართლოს დამოუკიდებლობას შეუქმნის.
„თუკი პრეზიდენტი ვერ წარადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის იმ კანდიდატურას, რომელსაც არ ექნება პრემიერმინისტრის მოწონება, არ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ეს არის სასამართლოს გაძლიერებისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და ნამდვილად მიზანშეწონილია, რომ პრეზიდენტი, რომელიც არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, წარადგენდეს კანდიდატურებს,“ - განაცხადა ლიკა საჯაიამ.
დღეს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხის გარდა, კომისიის წევრები ცვლილებათა დაახლოებით 50 მუხლზე იმსჯელებენ. საუბარი შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის როლის კონსტიტუციით განსაზღვრას, სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების თემას და სხვა საკითხებს.