ალექსანდრე მაშკევიჩი - ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსული და უკვალოდ გამქრალი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის ისტორია
ქარხანა, რომლის დაფინანსებასაც საპარტნიორო ფონდი აღარ აპირებს, მილიარდერი ბიზნესმენის, ალექსანდრე მაშკევიჩის, პროექტია, რომლისთვისაც გასულ წელს 10 მილიონამდე დოლარი გამოიყო. მომავალი წლის ბიუჯეტშიც კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას დაფინანსება გათვალისწინებულია.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის, განცხადებით, ჰუმანითი საქართველოში პროგრამას აჩერებს, სესხად მიცემულ 10 მილიონს კი საგანელიძე დარწმუნებულია, რომ მაშკევიჩი უკან დააბრუნებს.
2 წლის წინ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მაშკევიჩის გამოჩენას ხელისუფლება აღფრთოვანებული შეხვდა. მისი საქართველოში შემოსვლა დადებითად შეაფასა ბიძინა ივანიშვილმაც. წამლების ფასის დაწევა რამდენიმე ათეულ მედიკამენტზე მოხდა, რომელიც ჰუმანითი ჯორჯიას ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოჰქონდა. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები ამ წამლების ხარისხზეც საკმაოდ ბევრ კითხვას სვამდნენ.
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მტკიცებით, ალექსანდრე მაშკევიჩს ბელგიაში ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებდნენ. ცნობილია ისიც, რომ მაშკევიჩის კომპანია სწორედ საეჭვო გარიგებების გამო, ერთხელ ლონდონის ბირჟიდანაც მოიხსნა.
ეჭვები ჰუმანითი ჯოარჯიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ საქართველოს პარლამენტშიც გამოითქვა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, ამბობს, რომ შესასწავლია, რაში დახარჯა კომპანიამ უკვე მიღებული თანხები მაშინ, როდესაც არც ფარმაცევტული ქარხნის აშენება დაუწყია და არც რევოლუციური გადატრიალება მომხდარა ამ სფეროში.
ის, რომ ჰუმანითი ჯორჯიასთან გაფორმებული ხელშეკრულება აფიორა იყო, ამაში ეჭვი არ ეპარება ოპოზიციასაც. ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ ამ საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
ცნობილია, რომ მაშკევიჩს საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს სურდა, თუმცა საეჭვო რეპუტაციის ბიზნესმენთან ურთიერთობა სააკაშვილის მთავრობამ არ ისურვა.
ავტორი: ეკა გაგუა