"სააკაშვილი თავის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად გეგმავს გარკვეულ პროვოკაციებს" - ირაკლი სესიაშვილი
![](http://rustavi2.com/news_photos/57530_cover_b.jpg)
მმართველი გუნდი კვლავ შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ დესტაბილიზაციის შესაძლო მცდელობაზე უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაცია. მისი თქმით, შესაბამისი უწყებები ამ თემაზე მუშაობენ.
„უსაფრთხოების სამსახურები ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გეგმავს გარკვეულ პროვოკაციებს არჩევნების შემდგომ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ გაკოტრებულნი არიან პოლიტიკურად და მათი მარცხი გარდაუვალია, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად, რომ თვითგადარჩენის გზა იპოვონ, ეს რა თქმა უნდა, ილუზიის ნაწილია, ცდილობენ მოაწყონ დესტაბილიზაცია. ქვეყნის წინააღმდეგ წავიდნენ. მე მიხარია, რომ ახალგაზრდები გონს მოეგნენ და გააკეთეს განცხადება. ყველა კონკრეტულ ფაქტზე მოხდება ადეკვატური, კანონისმიერი რეაგირება და არჩევნები გვექნება მშვიდი,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დაპირისპირებას გამორიცხავს, თუმცა მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი.
„საზოგადოების დაპირისპირების რისკი არ არსებობს, მაგრამ არსებობს რისკი იმისა, რომ პოლიტიკური ძალების სატელიტმა საზოგადოებამ მოაწყოს პროვოკაციები. რა რესურსები დასჭირდება, არსებული მეტი ან ნაკლები მობილიზაცია, ეს არის სამართალდამცავების პრეროგატივა,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.