"ხელისუფლებას აწყობს შიშის დათესვა" - ლევან ბეჟაშვილი
![](http://rustavi2.com/news_photos/57533_cover_b.jpg)
არსებობს თუ არა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე - ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას უნდობლობას უცხადებს. ისინი ფიქრობენ, რომ მმართველი ძალა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის დაშინების ცდილობს.
„საუბრები დესტაბილიზაციაზე არახალია, ჩვენ ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმოდა ბოლო წლების განმავლობაში ხან საბურავების რევოლუცია, ხან სხვა დაანონსებული დესტაბილიზაციის მცდელობები. ბუნებრივია ეს რიტორიკა შედის ხელისუფლების და სუს-ის ინტერესებში. იმიტომ, რომ მათ არ აქვთ სასაუბრო კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით. ხელისუფლებას აწყობს შიშის დათესვას,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.
უმცირესობა ხელისუფლებას მოუწოდებს თუ არსებობს მტკიცებულებები, შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ, საზოგადოებას წარუდგინოს.
„თუ არის ასეთ საფუძველი, მაშინ ღიად უნდა გვითხრან საზოგადოებას, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. რაც შეეხება პოლიციის გაძლიერებულ ყოფნას, ქუჩებში პატრულირებას, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ არ უნდა იყვნენ პოლიციელები საარჩევნო ადგილას, საარჩევნო უბანში, რომ არ გამოიწვიოს გარკვეული ზეწოლა ამომრჩეველზე, ეს ორი თემა უნდა იყოს გამიჯნული,“ - აცხადებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია.
ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ძალოვან უწყებებს საკუთარ მოვალეობას ახსენებს და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.
„თუ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, შს სამინისტრო და სუს-ი თუ თავის მოწოდების სიმაღლეზეა, მაშინ მათი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის უსაფრთხოების დაცვა და პრევენცია. იმედი მაქვს, ეს უბრალოდ - "მგელი მოდის" ძახილია და მეტი არაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ დროს მიზეზის მიუხედავად, პასუხისმგებელი ყოველთვის მაინც ხელისუფლებაა,“ - აცხადებს თინა ხიდაშელი.