"თავისუფალი დემოკრატები" ზუგდიდში ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ
თავისუფალი დემოკრატები წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ამომრჩეველს შეხვდა. პოლიტიკოსი ხელისუფლებას აკრიტიკებს და უმოქმედობაში სდებს ბრალს.
ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა მერაბ ქვარაიას, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის შესახებ და ის ტენდერების გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, გაუსაძლისი, ხშირად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა მრავალ ოჯახში სწორედ ამ ფაქტის დამსახურებაა.
“აქ არის აბსოლუტურად გაუსაძლისი მდგომარეობა, სადაც ადამიანებს ექმნებათ რეალურად საფრთხე საკუთარი სიცოცხლის. რეალურად ხედავთ, რომ ასეთი ადამიანები კვლავაც დარჩენილები არიან მაშინ, როდესაც რესურსი არის მორჩენილი. გამარტივებული წესით და ერთ პირთან შესყიდვით განხორციელებული შესყიდვები, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე კორუფციისა. გვინდა, რომ ამ ოლქში და ზოგადად ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში, სხვა წევრებთან ერთად, გვყავდეს ისეთი წარმომადგენელი, რომელიც ამ პრობლემებს გაცილებით უფრო უკეთესად მოაგვარებს და ასეთი კანდიდატი ჩვენთვის ამ ოლქში არის ბატონი დავით ვერავა,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.