"პრივილეგიაც და ტვირთიც პრემიერმინისტრისაა" - უსუფაშვილი "რესპუბლიკელი" მინისტრების შემცვლელებზე არ საუბრობს
ვინ ჩაანაცვლებს რესპუბლიკელ მინისტრებს? დეტალებს არ აკონკრეტებს პარლამენტის თავმჯდომარე. შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული დავით უსუფაშვილის თქმით, მინისტრთა კაბინეტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრემიერმა უნდა მიიღოს, თუმცა მისი თქმით, კონსულტაციებში, საჭიროების შემთხვევაში, უმრავლესობაც ჩაერთვება.
"პრემიერმინისტრის ხედვა იყო ასეთი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯობდა სხვა პარტიების წარმომადგენლები არ ყოფილიყვნენ მთავრობაში. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, ის შეარჩევს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუძღვებიან ამ მნიშვნელოვან საქმეებს, ამ თემაზე პრივილეგიაც და ტვირთიც პრემიერმინისტრისაა" - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
თავდაცვის მინისტრის შემცვლელად დასახელებულ დავით ზალკალიანსა და თეონა აქუბარდიას კანდიდატურებთან დაკავშირებით კი პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება რესპუბლიკელ მინისტრებს, დავით უსუფაშვილი მათ მუშაობას დადებითად აფასებს.