"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გვიანობამდე გაგრძელდა
გვიანობამდე გაგრძელდა ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით.
თითქმის 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ, როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, იმსჯელეს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.
მისი განმარტებით, მმართველი გუნდი დაინტერესებულია გამოძიება სრულყოფილად ჩატარდეს.
რაც შეეხება მინისტრობის ვაკანტურ პოსტებს, ბესელიას თქმით, ეს საკითხი არ განუხილავთ, მან ასევე არ დაადასტურა ინფორმაცია დავით ზალკალიანისა და თეონა აქუბარდიას შესაძლო კანდიდატობის თაობაზე.
ბესელიას განცხადებით, პოლიტსაბჭოზე მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის ორ კანდიდატზე იმსჯელეს. მათ პრემიერი დღეს წარადგენს.
„გვქონდა საუბარი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, ამ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებზე. ის, რომ გამოძიება ამ ფაქტზე დაიწყო და მიუხედავად იმისა ვის ჯერა და ვის არა და ვის აქვს განცდა, რომ ეს განცხადებები რატომღაც ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის განცხადებების სტილს, ამის მიუხედავად, გამოძიების ჩატარების და მისი ეფექტურად წარმართვის გარეშე, გამოძიების მიმდინარეობისას რეალური შედეგის დადგომის მზაობა ხელისუფლებას აქვს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.