არ იყო შემთხვევითი, როდესაც ერდოღანმა გიულენი დაასახელა, როგორც ამბოხის ერთ-ერთი ინსპირატორი - გეგა მგალობლიშვილი
აშშ-ისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების თავდაცვის კოლეჯის ასოცირებული პროფესორის, გეგა მგალობლიშვილის, თქმით, თურქეთის პრეზიდენტისთვის სერიოზული ოპონენტი არის ფეთჰულაჰ გიულენი.
მისი აზრით, არ იყო შემთხვევითი, როდესაც კრიზისის დაწყებიდან პირველივე წუთებში პრეზიდენტმა ერდოღანმა გიულენი დაასახელა, როგორც ამბოხის ერთ-ერთი ინსპირატორი, "რადგან ის უკვე შეეცდება, საბოლოოდ ამოძირკვოს გიულენის მოძრაობის ყველა შესაძლო კავშირები თურქულ სახელისუფლებო სტრუქტურებში".
მგალობლიშვლმა ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას სერიოზული გავლენა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. ის ერდოღანის მოკავშირე იყო, თუმცა მოგვიანებით მას დაუპირისპირდა.
გეგა მგალობლიშვილის აზრით, ერდოღანი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი პოლიტიკური ლიდერი რეგიონში, ფაქტობრივად ყველა არჩევნები მოიგო თურქეთში, ეკონომიკური სტაბილურობა შექმნა, თუმცა მრავალი კითხვა გაჩნდა თურქეთის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით.