სახელმწიფო დეპარტამენტი - კერი შეხვედრებზე თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე საუბრობდა
ჯონ კერის გზავნილების ინტერპრეტაციების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
განცხადებებთან ერთად გამოქვეყნდა ამერიკელი დიპლომატის მიერ გაკეთებული განცხადებების ჩანაწერებიც, რომლის მიხედვითაც, თითქმის ყველა შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანი სწორედ თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე საუბრობდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციაშიც, რომელიც მარკ ტონერს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ ოპოზიციასთან და პარლამენტის სპიკერთან შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატია, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალ მედიას და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალ, დამოუკიდებელი სასამართლოს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გაავრცელა რედისონში ოპოზიციასთან შეხვედრის წინ გაკეთებული ჯონ კერის განცხადების ტრანსკრიპტი.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს მომავალი არჩევნების მნიშვნელობას. ასევე ამ მოკლე შესავალ სიტყვაშიც არის აღნიშნული მოწოდება რეფორმების გაგრძელებაზე სასამართლოს სისტემის გაძლიერებისთვის.
ავტორი: დავით ნიკურაძე