პრეზიდენტის მორიგი ცდა-მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები თავიდან წარადგინა
პარლამენტს ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურებზე მსჯელობა კიდევ ერთხელ მოუწევს. პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ამ ორ კანდიდატურას არ ცვლის. პირველ ჯერზე ჩავარდნის მიუხედავად, გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ მიმართავს და იმედოვნებს, რომ მე-8 მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილების დასრულებამდე მათ დაამტკიცებს. ამისთვის პრეზიდენტი მზადაა, ზაფხულში პარლამენტში საგანგებო სხდომაც მოიწვიოს.
ამ ორ კანდიდატთან ერთად, პრეზიდენტს მოსამართლეობის მესამე კანდიდატის ხელახლა დასახელება მოუწევს. ანა დოლიძე, რომლის კანდიდატურაც პარლამენტში პირველ ჯერზე ასევე ჩავარდა, მათ შორის აღარ იქნება. პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე დღეს მის საპარლამენტო მდივნად დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები პარლამენტმა გასულ თვეში ჩააგდო. მათ საკმარისი 76 ხმა ვერ მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია, ახალი წარდგენის შემდეგ, იმსჯელებს თუ არა მათ შესახებ ამ მოწვევის პარლამენტი, რომელმაც საგაზაფხულო სესია უკვე დაასრულა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.