ვირტუალური ფული-კიდევ ერთი სკანდალი, რომელსაც ოპოზიცია ივანიშვილის სახელს უკავშირებს
ოპოზიციის ინფორმაციით, შპს ჯორჯია თექნოლოჯი პარკის უკან, რომელსაც თბილისში 185 ათასი კვადრატული მეტრის მიწა ერთ ლარად გადაეცა, ბიძინა ივანიშვილი დგას. ცნობილია ისიც, რომ ის ბიტკოინების, ანუ ელექტრონული ფულის მწარმოებელი ბიტფურის შვილობილი კომპანია, რომელსაც საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად ყოფილი პრემიერის დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა ათეულობით მილიონი დოლარი გადაურიცხა.
ბიტფურმა ბიტკოინების ერთი ქარხანა გორში, მეორე კი გლდანში ერთ ლარად გადაცემულ მიწაზე გახსნა. ეს ორივე ტერიტორია სახელმწიფომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად გამოაცხადა, ამიტომ აქ მომუშავე ინვესტორი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. ჯორჯია თექნოლოჯი პარკის გენერალური დირექტორი ბიძინა ივანიშვილთან კავშირს უარყოფს.
ვირტუალური ვალუტა, რომლის მოპოვებაზეც კომპანია ბიტფური მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან არ კონტროლდება. ამიტომ ამ სისტემის გამოყენება არალეგალური გადარიცხვებსა და ფულის გათეთრებაში ყველაზე მარტივია. საქართველოში ბიტფურის მხარდაჭერას ოპოზიცია ყოფილი პრემიერის ინტერესებს უკავშირებს. მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მმართველი გუნდი.
ერთი ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე 600 დოლარზე მეტია. ცნობილია ისიც, რომ ვირტუალური მონეტებით შავი ფულის მრეცხავები, ნარკოტიკებითა და იარაღით მოვაჭრეებიც დაინტერესდნენ. 2013 წელს ეს სფერო ორჯერ გახდა ხმაურიანი სკანდალის მიზეზი. სწორედ ამის გამო ქართველი ექსპერტებისტვის სახელმწიფოს მხარდაჭერა გაუგებარია.
ავტორები: ეკა გაგუა, გიორგი მაისურაძე.