თავისუფალი დემოკრატები ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან
”თავისუფალი დემოკრატები” გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი სახელისუფლებო გუნდის განცხადებებს მიმოიხილავს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი თავად აღიარებს, რომ ამ მოლაპარაკებებში ეკონომიკური ინტერესი წამგებიანია.
პეტრიაშვილის თქმით, ენერგეტიკის მინისტრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ გაზპრომის მოთხოვნა ტრანზიტში თანხის გადახდის თაობაზე საქართველოსთვის წამგებიანი წინადადებაა, რაც პეტრიაშვილის თქმით, სწორედ იმის აღიარებაა, რომ ამ მოლაპარაკებებს ეკონომიკური სარგებელი არა აქვს.
„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ან საქართველოს ხელისუფლებაზე მოხდა ზეწოლა და ისინი იძულებულები არიან რომ ეს განხორციელდეს, ან შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან მოთხოვნის პარალელურად მღვრიე წყალში თევზის დაჭერის კარგი შესაძლებლობა, ამის საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს. ან საქართველოს ხელისუფლებას აქვს მცდელობა აზერბაიჯანთან რაღაც ჭკუის სწავლების, პოზიციონირების მცდელობა იყოს, მაგრამ ეს დაუშვებელია, რადგან სტრატეგიულ პარტნიორობა ერთ დღეში არ ყალიბდება და ამით საქართველო დაზარალდება“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
”თავისუფალი დემოკრატები” გენერალური მდივნის განცხადებით მის პარტიას ენერგეტიკის მინისტრთან კონკრეტული კითხვები აქვთ და კახა კალაძესთან შეხვედრას ელოდება.