საქართველომ კიდევ ერთი რთული და პოლიტიკური დაპირისპირებებით სავსე წელი გაიარა
წლის მთავარი პოლიტიკური ინტრიგა აქტუალობას მომავალ წელსაც არ დაკარგავს. ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი ისე დატოვა, რომ მიზეზები არ განუმარტავს, სავარაუდოდ ისე მოულოდნელად, რომ ახალი წლის მისალოც ბარათებზე უკვე გადამდგარი ხელს ისევ პრემიერის რანგში აწერს.
უცვლელ გამოწვევებს შორის არის შეფერხებული ეკონომიკური ზრდა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომელმაც წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
წლის სოციალურ პროტესტებს შორის ყველაზე მწვავე რთველის დროს იყო და მაშინაც, როცა სემეკმა კომპანიებს ელექტროენერგიის ტარიფზე გაზრდის მოთხოვნა რეგიონებში და თბილისშიც დაუკმაყოფილა.
ზრდა ჯერჯერობით არ შეხებია ბუნებრივი აირის ტარიფს, თუმცა იზრდება პროტესტი იმ მოლაპარაკებების მიმართ, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრი რუსულ გაზპრომთან
მთავრობა პრეზიდენტისგან ავლაბრიდან ათონელზე გადასვლას ისევ მოითხოვს. ამ თემას აქტუალობას არც ყოფილი პრემიერი უკარგავს, რომლის გარშემოც სკანდალი საფრანგეთიდან აგორდა, ბიძინა ივანიშვილის ფრანგმა მეუღლემ საფრანგეთის სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო.
წლის მთავარი პოლიტიკურ სკანდალი, სავარაუდოდ, 2016-შიც გაგრძელდება. ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ბესელია და კობახიძე პატიმრების ბედით ვაჭრობდნენ.
გამოძიების მოთხოვნის მიუხედავად უპასუხოდ დარჩა კითხვა, რატომ არ გადაიკეტა სტიქიის ვაკე-საბურთალოს გზა, რატომ არ ჩართეს სამაშველო ოპერაციაში სუპერ პუმას ვერტმფრენები და რატომ არ იცოდა ათასობით მოხალისემ, რომ ვერეს ხეობაში, სადაც ისინი სამოქალაქო გმირობის მაგალითს აჩვენებდნენ, საკანალიზაციო კოლექტორი იყო ჩაშვებული. სამოქალაქო აქტივობა არ შეწყვეტილა არც საყდრისის აფეთქებისა და არც პანორამა თბილისის წინააღმდეგ.
პროტესტი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და ლევან მურუსიძის არჩევას მოჰყვა. მთავრობასა და მთელ პოლიტიკურ სპექტრს შორის დაპირისპირების საფუძველი იყო საარჩევნო კოდექსის ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებებიც.
წინასაარჩევნო წელში ქვეყანა ისე შედის, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი ისევ ციხეშია, მათ შორის დედაქალაქის ყოფილი მერი. 2015 წლის ბოლოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
საარჩევნო წლის დაწყებამდე პოლიტიკურ ველზე გამოჩნდნენ ძველი-ახალი სახეები, ნაციონალური მოძრაობის 4-მა ყოფილმა წევრმა პოლიტიკური ორგანიზაცია გირჩი დააარსა.
არჩევნების ერთგვარ რეპეტიციად შეფასდა ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებული პროცესები და კენჭისყრა, რომელსაც დელეგატის დაკავება უძღოდა წინ.
წლის მთავარ პოზიტიურ მოვლენად ევროკომისიის ანგარიში იქცა, რომელიც იმედს იძლევა, რომ რამდენიმე თვეში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რეალური იქნება.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი