"თუ ეყოფა ლარი და 18 მან მიირთვას, ღმერთმა შეარგოს, რომ ყელზეც არ დაადგეს "- სოციალურად დაუცველი რიმა ბერიძეს პასუხობს
რამდენად ხარისხიან საკვებს სთავაზობენ სოციალურად დაუცველებს უფასო სასადილოები - თბილისში მოქმედი რამდენიმე საკვები ობიექტი დღეს ნიკა მელიამ მოიანხულა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ითხოვს გადაიხედოს ტენდერის პირობები, რომლის მიხედვითაც ამჟამად ერთ ადამიანზე დღიური ულუფა მხოლოდ ლარი და 18 თეთრია.
მელია აცხადებს, რომ ეს თანხა არსებულ ვითარებაში სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისი არ არის.
"სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მომდევნო 2 წელი 1.18 ლარი იქნება ის თანხა, რომლითაც უნდა იკვებოს ათასობით ადამიანმა დედაქალაქში. აუცილებელია ეს ყველაფერი შეიცვალოს. ნარმანიამ უნდა გადახედოს ხელშეკრულებებს სასადილოების ხელმძღვანელობასთან.
ეს ვითარება თუ არ შეიცვლება დამძიმდება მდგომარეობა,"- აცხადებს ნიკა მელია.
დღესვე ამ თემაზე ისაუბრა ერთ-ერთმა სოციალურად დაუცველმა და რიმა ბერიძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარს უპასუხა, სადაც საკრებულოს დეპუტატი აცხადებდა, რომ ლარი და 18 თეთრი საკმარისი დღიური ნორმაა.
"მობრძანდეს ქალბატონი რიმა ბერიძე და თუ ეყოფა ეს ლარი და 18 მან მიირთვას გემრიელად. ღმერთმა შეარგოს, რომ ყელზეც არ დაადგეს,"-აცხადებს ანა თეთრაძე.