მოსკოვში აშშ-ის საელჩოს საპროტესტო ნოტა გადაეცა შავ ზღვაში საჰაერო ინციდენტების გამო
![მოსკოვში აშშ-ის საელჩოს საპროტესტო ნოტა გადაეცა შავ ზღვაში საჰაერო ინციდენტების გამო](https://gdb.rferl.org/3bea6a54-30d2-4efb-aee9-71eb33db9142_w800_h450.jpg)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს გადასცა საპროტესტო ნოტა და გააფრთხილა შავ ზღვაში საჰაერო ინციდენტების სახიფათო შედეგების შესახებ. ამის თაობაზე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აშშ-ისა და ნატოს წევრთა აქტიურობა რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე, მათ შორის საბრძოლო ავიაციის ფრენა და სამხედრო-საზღვაო ძალების სახიფათო მანევრები, სიჩქარეს იკრებს.“
მანამდე „როსავიაციამ“ განაცხადა ინციდენტის შესახებ, როცა 3 დეკემბერს დილით ნატოს მზვერავი თვითმფრინავი სამოქალაქო თვითმფრინავს მიუახლოვდა შავი ზღვის თავზე, საჰაერო მიმოსვლის მომსახურების რუსეთის ორგანოთა პასუხისმგებლობის რაიონის მახლობლად. როგორც „როსავიაცია“ აცხადებს, მზვერავი თვითმფრინავის ეკიპაჟი შეკითხვებს არ უპასუხებდა, რის შედეგადაც საჭირო გახდა ორი სამოქალაქო თვითმფრინავის ფრენის მიმართულების შეცვლა. ერთ-ერთი მათგანი იყო „აეროფლოტის“ რეისი თელ-ავივიდან მოსკოვში.
მარია ზახაროვამ 8 დეკემბერს სხვა „სახიფათო სიტუაციების“ მაგალითებიც დაასახელა.
ბრალდებებმა გაიჟღერა უკრაინის თაობაზე ვითარების ახალი გამწვავების ფონზე. უკანასკნელი კვირების განმავლობაში გახშირდა დასავლეთისა და უკრაინის მხრიდან რუსეთის მისამართით ბრალდებები მის მიერ არმიის დაჯგუფების გაძლიერებისა და უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო შეჭრისთვის მზადებაში. მოსკოვში, თავის მხრივ, უკრაინასა და აშშ-ს ადანაშაულებენ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში და აცხადებენ, რომ არის იმის ნიშნები, რომ კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში იერიშისთვის ემზადება. უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს.