ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი ძველი დღის წესრიგით გაიმართება
![ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი ძველი დღის წესრიგით გაიმართება](https://gdb.rferl.org/AF267EAF-F648-4ADE-8855-E39C185F9D60_w800_h450.jpg)
12-13 ოქტომბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციას შეხვედრაზე უხელმძღვანელებს დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მან ამ რაუნდზე დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მურატ ჯიოევი შეცვალა. ჯიოევი დაახლოებით ერთი თვის წინ ხიდან ჩამოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. ცხინვალისთვის ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგის მთავარ საკითხად რჩება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა.
„მთავარი მიზანი ის არის, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. გარდა ამისა, დისკუსიების ფარგლებში გრძელდება მუშაობა უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ბედის გასარკვევად. ასევე განიხილება რიგი ჰუმანიტარული საკითხები", - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, პოსტკონფლიქტურ საკითხებში, ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამიერკავკასიაში უსაფრთხოების განმტკიცების ძირითადი პირობებად - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყება და თბილისსა და ორ დე ფაქტო რესპუბლიკებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა დაასახელა.
თბილისისთვის ჟენევის დისკუსიის მთავარ განსახილველ თემებად რჩება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, განგრძობადი ოკუპაცია და ე.წ ბორდერიზაცია, გარდა ამისა, ახალგორის მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა. ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან ტარდება. დისკუსიის მთავარი საკითხებია უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება. მოსკოვი, ცხინვალი და სოხუმი თბილისს მოუწოდებენ ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას, მაგრამ საქართველო, რომელიც არ ცნობს თავის ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობას, ამტკიცებს, რომ რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ.