„დელტა შტამით“ ინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში 50-ს გადააჭარბა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის „დელტა შტამის“ 5 საეჭვო შემთხვევაზე ამჟამად კვლევა მიმდინარეობს. მისი სიტყვებით, არის ალბათობა, რომ საქართველოში ეს შტამი 10-დან 20 %-მდეა გავრცელებული. ეს განცხადება თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში გააკეთა.
„დელტა შტამი“, ე.წ ინდური შტამი, როგორც ეს ცნობილია საზოგადოებაში, ქვეყანაში ჯამურად არის 52 დადასტურებული სულ, მთელი პერიოდის განმავლობაში. 5 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა. ჯერჯერობით რაიმე მძიმე მიმდინარეობა ამ შემთხვევებზე გამოკვეთილი არ არის. თუმცა არის იმისი რისკი, რომ „დელტა შტამი“ შესაძლოა მეტად გავრცელდეს და შეფასებული მაჩვენებლით ეს არის 10-დან 20%-მდე და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 10 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 25 606 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1407 შემთხვევა.
დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 5,49%;
ბოლო 7 დღის - 3.68%;
ბოლო 14 დღის - 3,01%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 591-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 371 293 შემთხვევა. მათგან 355 718 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5383 ადამიანი.