ვენაში იმართება მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე გარიგების განახლების შესახებ
![ვენაში იმართება მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე გარიგების განახლების შესახებ](https://gdb.rferl.org/133d1d8e-c2ad-47c7-ba05-75a9b7404355_cx0_cy10_cw0_w800_h450.jpg)
20 ივნისს ვენაში იმართება მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე გარიგების განახლების შესახებ. მოლაპარაკებებში, რომელიც აპრილიდან მიმდინარეობს, ირანის გარდა მონაწილეობს მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა.
აშშ-მა 2018 წელს დატოვა საკვანძო მნიშვნელობის ხელშეკრულება, რომლითაც ირანი დათანხმდა შეზღუდოს თავისი ბირთვული ამბიციები მის მიმართ დაწესებული მრავალი საერთაშორისო სანქციის გაუქმების სანაცვლოდ.
ოფიციალური პირების თანახმად, აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ივნისს განაცხადა, რომ კვლავაც „შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი უთანხმოებები“.
როგორც მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა დაწერა ტვიტერში, „ბირთვული გარიგების აღდგენის თაობაზე შეთანხმება ახლოსაა, მაგრამ ჯერჯერობით არა აქვს საბოლოო სახე“.
გარიგებაში ამჟამად მონაწილეობენ ირანი, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია და ევროპის კავშირი. აშშ ესწრება მოლაპარაკებებს, მაგრამ პირდაპირ არ მონაწილეობს მასში, ვინაიდან ირანი უარს აცხადებს პირისპირ შეხვედრებზე. ამის ნაცვლად აშშ-სა და ირანს შორის დანარჩენი დელეგაციები შუამავლობენ.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გავიდა 2015 წელს მიღწეული გარიგებიდან, თეირანმა განაახლა ურანის გამდიდრების პროცესი, რაც ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციური წინაპირობაა. ტრამპის მემკვიდრემ, ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ სურს კვლავ შეუერთდეს შეთანხმებას, თუკი ვაშინგტონი დარწმუნდება, რომ თეირანი თანახმაა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.