ბრაზილიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა
ბრაზილიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა. აშშ-ის შემდეგ ეს პირველი ქვეყანაა, რომელშიც ამ მაჩვენებელმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ეს რაოდენობა აღირიცხა 19 ივნისს, როცა ათასობით მემარცხენე შეუერთდა საპროტესტო აქციას პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსა და პანდემიის თაობაზე მისი პოლიტიკის წინააღმდეგ.
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 18 მილიონს მიაღწია. 213-მილიონიან ქვეყანაში დღეში ინფიცირების 100 ათასი და გარდაცვალების 2000-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხება. ბრაზილიელთა მხოლოდ 30%-ს აქვს გაკეთებული ვაქცინის პირველი დოზა.
პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილიას მხოლოდ აშშ უსწრებს 602 ათასი შემთხვევით. მაგრამ ამერიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს და მრავალი აკრძალვა გაუქმდა ვაქცინის იოლი ხელმისაწვდომობის ფონზე. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მუშაკები აცხადებენ, რომ ე.წ. დელტა ვარიანტმა, რომელიც პირველად ინდოეთში გაჩნდა, შესაძლოა უახლოეს კვირებსა და თვეებში ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს აუცრელთა შორის.
19 ივნისს აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ, სადაც ვაქცინების სიჭარბეა, 2,5 მილიონ დოზა ვაქცინას აგზავნის ტაივანში და კუნძულისთვის ვაქცინის მიწოდებას თითქმის სამჯერ ზრდის ჩინეთის მხრიდან ზეწოლის გამო. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ შეწირულება ასახავს აშშ-ტაივანის ურთიერთობების მნიშვნელობას და იმ „უსამართლო გამოწვევების“ გაცნობიერებას, რომელთა წინაშეც დგას ტაივანი, რომელსაც ჩინეთი საკუთარ სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს.
ამასობაში რუსეთში ვითარება კიდევ უფრო უარესდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თანახმად, 19 ივნისს აღირიცხა ინფიცირების 17906 ახალი შემთხვევა, რაც ორჯერ და უფრო მეტად აღემატება ივნისის დამდეგის მაჩვენებლებს.