მინსკელმა აქტივისტმა სასამართლოზე ყელში კალმისტარი შეირჭო
![მინსკელმა აქტივისტმა სასამართლოზე ყელში კალმისტარი შეირჭო](https://gdb.rferl.org/948b404d-e621-4eeb-ad68-650d3f11a30e_w800_h450.jpg)
მინსკელმა სციაპან ლატიპაუმ სასამართლოს სხდომაზე ყელში კალმისტარი შეირჭო. მანამდე მან თქვა, რომ სამართალდამცავი ორგანოები მისი ნათესავების წინააღმდეგ საქმეების აღძვრას დაჰპირდნენ, თუკი ის არ აღიარებს დანაშაულს. ამის შესახებ იტყობინება უფლებადამცველი ცენტრი „ვიასნა“.
ლატიპაუს ბრალი ედება განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის თაღლითობაში, წესრიგის უხეშად დარღვევასა და მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ის აქტივისტი იყო ე.წ. „ცვლილებების მოედანზე“ - მინსკის ერთ-ერთ ეზოში, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეთა შეკრების ადგილად იქცა.
ის 2020 წლის სექტემბერში დააკავეს, როცა მეზობლებთან ერთად ეცადა შეეჩერებინა მოედანზე კედლის მხატვრობის გადაღებვა. მისი დაკავების შემდეგ ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა სიუჟეტები, რომლებშიც ამტკიცებდნენ, რომ აქტივისტმა ორგანიზება გაუკეთა ქვეყანაში ქიმიკატების შეტანას, რომლებითაც ეცადა მილიციის თანამშრომლების მოწამვლას (სისხლის სამართლის საქმეში ეს ეპიზოდი არ შესულა).
სასამართლოს სხდომაზე, რომელიც სამშაბათს გაიმართა, ლატიპაუმ თქვა, რომ 51 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სპეციალურ საკანში, სადაც ადმინისტრაციის ხელშეწყობით პატიმრებს აუტანელ პირობებს უქმნიან თანასაკნელები.
ამის შემდეგ ის სასამართლოს გალიაში სკამზე დადგა, რათა დაცვა ვერ მისწვდომოდა და ყელში შეირჭო კალმისტარი. გალიის უცებ გახსნა ვერ მოხერხდა, ვინაიდან სასამართლოს აღმასრულებლებს გასაღები თან არ აღმოაჩნდათ, იტყობინება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური.
აქტივისტი უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს საავადმყოფოში.