ირანული წარმოშობის ბრიტანელს სასჯელის ვადა გაუვიდა ირანში, მაგრამ ერთ კვირაში სასამართლოში დაიბარეს
![ირანული წარმოშობის ბრიტანელს სასჯელის ვადა გაუვიდა ირანში, მაგრამ ერთ კვირაში სასამართლოში დაიბარეს](https://gdb.rferl.org/CA80A6D2-C1F8-431A-A61D-34F0FB035331_w800_h450.jpg)
ნაზანინ ზაღარი-რატკლიფს, ირანული წარმოშობის ბრიტანელს, რომელიც ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა, ახსნეს ელექტრონული სამაჯური, რადგან გაუვიდა ირანში მისთვის შეფარდებული სასჯელის ვადა 7 მარტს, მაგრამ არ არის ცხადი, შეუძლია თუ არა ისლამური რესპუბლიკის დატოვება. ირანის სააგენტო ISNA იტყობინება, რომ ზაღარი-რატკლიფი 13 მარტს დაიბარეს სასამართლოში, რამაც იმედი, რომ ის დაუყოვნებლივ შეძლებდა სამშობლოში დაბრუნებას, შეამცირა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ზაღარი-რატკლიფი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რათა დაბრუნდეს სამშობლოში, ბრიტანეთში, თავის ოჯახთან.
ზაღარი-რატკლიფი Thomson Reuters-ის ფონდის პროექტის მენეჯერია, ახლა 42 წლისაა. ის 2016 წელს თეირანის აეროპორტში დააპატიმრეს ოჯახთან სტუმრობის შემდეგ. ზაღარი-რატკლიფს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა ირანის მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულებისთვის.
ოჯახი, ასევე ფონდი, ბრალდებას უარყოფს, ხოლო Amnesty International-მა დაგმო პროცესი, როგორც „ძალიან არასამართლიანი“.
ბრიტანეთი ირანისგან მოითხოვდა მისი და სხვა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების საპატიმროდან განთავისუფლებას. თეირანი არ აღიარებს ორმაგ მოქალაქეობას.
ნოემბერში ზაღარი-რატკლიფს სასამართლომ წარუდგინა ახალი - „რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელების“ - ბრალდება.
თეირანის ევინის საპატიმროდან ის 2020 წლის მარტში დროებით გაათავისუფლეს და შინა პატიმრობაში მოათავსეს კორონავირუსის პანდემიის გამო.