News.ge გთავაზობთ, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტის, ლილი ფოფხაძის მოთხრობას – “უკარება”.
“შუაღამეა. თინიკოს არ სძინავს. უკვე მერამდენე ღამეა, მხოლოდ გამთენიისას თუ ჩაეძინება. დილით დაფეთებული წამოვარდება ლოგინიდან, ხომ არ მაგვიანდებაო, და მშიერ- მწყურვალი გარბის სამსახურში. წამლის დალევას ვერ იტანს, განსაკუთრებით ძილის წამლის ეშინია- ვაითუ დავიძინო და ვეღარ გავიღვიძოო. მეგობრები ეუბნებიან, მთაში გაზრდილი გოგო ხარ, სუფთა ჰაერზე გაკაჟებული, ავად არასოდეს გამხდარხარ და წამალი საწამლავი გგონიაო. რა სისულელეა, ეგ რა შუაშია, ყოვლად უინტერესო ცხოვრებას ვეწევი და ამის ბრალიაო, ბრაზობდა თინიკო.
ამ ბოლო დროს მეგობრებიც შემოეცალა – ზოგი გათხოვდა, ზოგი ქმარს გაეყარა, ზოგიც გულის სწორს ვერ პოულობს და დადიან ასე ყურებჩამოყრილები. ამას წინათ, სოფელში რომ ააკითხა მშობლებს, დედამისმა , ვითომ სხვათა შორის, უამბო: შვილო, ვალიდა ხომ იცი, სოფლის თავში რომ ცხოვრობს, ვერ გათხოვდა საწყალი, დედ- მამა დაეხოცა, თავს ძლივს ირჩენს, დარჩა მარტო გალოკილი თითივით და მეზობელმა მითხრა, აქაური გოგო- ბიჭები რომ დაინახავენ, ქვებს ესვრიან და შინაყუდას ეძახიანო. ამ თემაზე ლაპარაკს თინიკო ყოველთვის გაურბოდა და ამჯერადაც ფიქრებით სამსახურში გადაინაცვლა.
ბანკი, სადაც ორი წელია მუშაობს, ნამდვილი ქალთა სამეფოა, თითო- ოროლა მამაკაცი დაღოღავს აქა- იქ, ქაღალდებით ხელში, წელში მოხრილი და თვალებჩაწითლებული. თანამშრომლები სულ მაგათ ქებაში არიან, მაგრამ, სხვა მხრივ, ვის რად უნდა გაქუცული, უღელში შებმული მამაკაცი ერთი ურემი ცოლ- შვილით, როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ…
ისე, რა უცნაურია ეს წუთისოფელი, საიდან რა გამოგიხტება, არავინ იცის. და ბოლოს ის დღეც გათენდა, როცა ბანკის მოწყენილ შენობაში ახლები მიიღეს – ორი მშვენიერი ყმაწვილი. ამ დროს საკმაოდ მოზრდილ ოთახში სამნი ისხდნენ, სამივე გაუთხოვარი- თინიკო და ორი თანამშრომელი. მაგიდები სწორედ მათთან შემოიტანეს და ცხადი გახდა, რომ გასათხოვრებს გაუმართლათ.
თავიდან ბიჭებმა დაიმორცხვეს, თინიკოც დაიძაბა, იჯდა თავისთვის, ხმას არ იღებდა, მაგრამ ატკრციალებული გოგოების გაუთავებელმა კისკისმა ბიჭები გაათამამა, უცებ მოშინაურდნენ და კვიცებივით აჭიხვინდნენ. მხიარული ყმაწვილები იყვნენ. ორივე ალალი ღიმილით შემოიჭრა უცნობ გარემოში და ასევე ალალად გაიხლართა გაუთხოვარი გოგოების ნაქსოვ ბადეში. სულ რაღაც ორ თვეში დაწყვილდნენ. ოთახში სიყვარულის ქარბორბალა დატრიალდა და თინიკოს სამსახურში სიარული აღარ ეზარებოდა, თუმცა მაინც შორს ეჭირა თავი და შეყვარებულებს ზედმეტად არ აწუხებდა. ალბათ მართალი იყო დედამისი პატარაობიდანვე უკარებას რომ ეძახოდა.
ეჰ, აწი რაღა გამომასწორებსო, ამოიკვნესა უკარებამ და კედლისკენ გადაბრუნდა…რესტორანში უხვი პურმარილით სავსე გრძელი მაგიდების ირგვლივ ნეფე- დედოფლის მშობლები, ნათესავები და მეგობრები ისხდნენ. შეზარხოშებული სტუმრები ცეკვავდნენ თავდავიწყებით და უკიდურესი მონდომებით. მიუხედავად ამისა, დარბაზში ერთგვარი უხერხულობა სუფევდა. ნეფე არ ჩანდა… არც ჯვრისწერაზე უნახავთ. კარგახანს ელოდნენ ძმაკაცები, მაგრამ ვერ იპოვეს. ბოლოს ლოდინისგან დაქანცული სტუმრები პირდაპირ რესტორანში წამოიყვანეს, ჯვრისწერა კი მეორე დღისთვის გადაიდო. გულნატკენი პატარძალი, მომხიბვლელი თინიკო, ცრემლებს ყლაპავდა და თავაზიანი ღიმილით პასუხობდა ქათინაურებს. უცებ დარბაზის კარი გაიღო და თეთრ ჩოხაში გამოწყობილი მამაკაცი შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით, მიიხედ- მოიხედა, თინიკოსთან მიირბინა და კოცნა დაუპირა. რა ლამაზი წყვილიაო, დაიძახა ვიღაცამ, ნეფე- დედოფალს გაუმარჯოსო, დასჭექა თამადამ და სრულიად მოულოდნელად, პატარძალმა ნეფეს ხელი ჰკრა, ამას აქ რა უნდაო, იყვირა და იქვე ჩაიკეცა…
თვალი რომ გაახილა, უკარება ლოგინში იჯდა გაოფლილი და ძლივს სუნთქავდა. ეს რა უბედურებაა, ჩვენი უბნის ხელოსანი რაღამ დამასიზმრაო, ფიქრობდა, ლოთი ჟორიკას “ცოლობამ” სიზმარშიც კი თავზარი დასცა…არა, ექიმთან უნდა წავიდე, რაღაც ამბავია ჩემს თავს, ნერვები აღარ მივარგა, უძილობამ დამტანჯა და თუ ჩამეძინა, ჯოჯოხეთურ სიზმრებს ვხედავო…წამოდგა, ხალათი მოიცვა, აბაზანაში შესვლას აპირებდა და შუა ოთახში გაშეშდა… ფხაკუნი შემოესმა…მიაყურადა, ისევ განმეორდა. თითქოს ვიღაცა შუშას ფხაჭნიდა… ესღა აკლდა, ბავშვობიდან ეშინოდა თაგვის, თუმცა ამ ბინაში არასოდეს მოუკრავს თვალი. ღია ფანჯრისკენ გაიხედა, იქიდან ხომ არ გადმოძვრა, მეზობელს აივანზე ყუთები უდგას, ალბათ იქ იმალებიანო… დაიმშვიდა თავი და ფეხაკრებით ფანჯრისკენ დაიძრა. ახლოს რომ მივიდა, კინაღამ გული გაუსკდა – ვიღაც მამაკაცი რაფაზე ეკიდა და ეხვეწებოდა, არ შეგეშინდეს, მიშველე რამე, ხელებს ვეღარ ვიმორჩილებო…მესამე სართულზე იყვნენ. არცკი დაფიქრებულა, უცნობს მკლავებზე ჩაებღაუჭა და რის ვაივაგლახით გადმოათრია ოთახში… მერე მუხლები მოეკვეთა და იქვე ჩაიჩოქა. ბიჭი იატაკზე იჯდა თავჩაღუნული. გოგოს მხოლოდ ერთი აზრი აწვალებდა – უცებ გამგუდავს თუ ყელს გამომჭრისო…უნდოდა ეთხოვა, ნუ მომკლავ, შემიბრალეო, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამოსდიოდა…ბოლოს, როგორც იქნა, ამოიხრიალა, ვინა ხარო…თქვენი მეზობელიო. ჩემგან რა გინდაო, ცხელი ჩაი დამალევინე და გეტყვიო…გოგო სამზარეულოში გავარდა. იცნო, მართალს ამბობს, მეზობელია, სადღაც აქ ცხოვრობს.
ერთი პერიოდი არ ასვენებდა, კუდში დასდევდა, მაგრამ არ მიიკარა – შეშინდა, ქალაქი თაღლითებითაა სავსე და ქუჩაში აკიდებულ კაცს როგორ ვენდო, უბედურებას გადამყრისო…არც შევმცდარვარო, გაიფიქრა, აბა ფანჯარაში რას მოძვრებოდაო…ჩაი ადუღდა და ჭიქაში ძლივს ჩაასხა, ხელები უკანკალებდა. ბიჭი შემოვიდა, ჭიქა განზე გაწია და ტახტზე ჩამოჯდა. გოგოც იქვე იდგა კედელს აკრული. ბიჭმა სთხოვა, მოდი, გვერდზე მომიჯექიო. დავიღუპე, დამთავრდა ჩემი სიცოცხლეო, გაიფიქრა უკარებამ და სასაკლაოზე მიყვანილი უცოდველი, მორჩილი ბატკანივით მიჩოჩდა ტახტამდე. რას მერჩიო, შესჩივლა ბიჭმა. გოგომ არ უპასუხა. ერთი წელიწადი ჩრდილივით დაგყვებოდი უკან. რა არ ვცადე, დაგელაპარაკე- ხმა არ გამეცი, წინ დაგიდექი – ზურგი შემაქციე, მანქანა გაგიჩერე თავსხმა წვიმაში – გაიქეცი…დავიღალე, თავს დავანებებ- მეთქი, დავიფიცე…ხომ ხედავ, ვერ შევძელი. ვიცოდი, კარს რომ არ გამიღებდი და… ბიჭი ლაპარაკობდა. გოგო ბურანში იყო, ნუთუ ესეც სიზმარიაო…ამ დროს, ღმერთმა უწყის, რა დაემართა – რაღაც უცნაურმა ძალამ წამოაგდო ტახტიდან, მივიდა ბიჭთან, დაუჩოქა და ატირდა… ყველაფერი ჩემი ბრალიაო, ჩურჩულებდა… ბიჭი ცრემლიან თვალებს უკოცნიდა და ევედრებიდა, არ იტიროო…
ინათა. ფანჯრებს მიღმა გაავებული ქარი იასამნებს არ ასვენებდა. ოთახში იდუმალი სიჩუმე თვლემდა. თითქოს აქოჩრილ ზღვის ტალღებზე ირწეოდნენ მთვრალი კედლები… თითქოს სახლში არ სუნთქავდა ძეხორციელი…ნეტარებისგან გარინდებულებს არ სძინებიათ…ნეტავ რა ჰქვიაო, ფიქრობდა გოგო., ბიჭის გულმკერდზე მიყრდნობილი…