ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი მიმდინარეობს
ყაზახეთის მოქალაქეები ხმას აძლევენ საკონსტიტუციო რეფერენდუმზე, რომლითაც, პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის თქმით, ქვეყანა "მმართველობის სუპერ-საპრეზიდენტო ფორმიდან გადავა ძლიერი პარლამენტის მქონე საპრეზიდენტო რესპუბლიკის" ფორმაზე.
5 ივნისის რეფერენდუმს, რომლითაც კენჭი ეყრება 56-მდე საკონსტიტუციო ცვლილებას, წინ უძღოდა იანვარში მომხდარი სისხლიანი არეულობა, რომლითაც დასუსტდა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის წვდომა ძალაუფლებაზე.
მთავრობის ოპონენტები ტოყაევს რეფერენდუმის გადადებისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ხალხს არ ჰქონდა საკმარისი დრო შეთავაზებული ცვლილებების შესასწავლად. სხვები აცხადებდნენ, რომ რეფერენდუმი საერთოდ უნდა გაუქმებულიყო.
ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტს აუკრძალავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის ნათესავებს არ ექნებათ უფლება იმუშაონ რაიმე მნიშვნელოვან პოზიციაზე საჯარო სექტორში. ამ ზომას განიხილავენ მცდელობად აღიკვეთოს ნეპოტიზმის ის არაორდინარული მასშტაბი, რომელიც ნაზარბაევის დროს დამკვიდრდა.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში წაგებულ პოზიციაზე ყველაზე მეტად აღმოჩნდება ნაზარბაევი, რომელიც ყაზახეთის ლიდერი იყო 1990-დან 2019 წლამდე და ექსპრეზიდენტის რანგშიც მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობდა, იანვარში მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხდარ არეულობამდე, რომელსაც სულ მცირე 238 ადამიანი ემსხვერპლა.
საკონსტიტუციო შესწორებები აუქმებს ნაზარბაევის მოხსენიებას როგორც "ელბასის", ანუ ერის ლიდერის - რაც, სავარაუდოდ, მისთვის გაამყარებს ძალაუფლების დაკარგვას. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში 81 წლის ნაზარბაევი და მისი ახლო ნათესავები ასევე დაკარგავენ იმუნიტეტს სამართლებრივი დევნისგან.