აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს 20 სექტემბერს აღადგენს
აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენს 20 სექტემბერს, გრინვიჩის დროით შუაღამისას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოაცხადა.
20 აგვისტოს პომპეომ პირადად გადასცა გაეროს უშიშროების საბჭოს საჩივარი, რომ თეირანი არ ასრულებს ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების პირობებს. აშშ იმედოვნებდა გაეროს სანქციების აღდგენის პროცესის განახლებას და ბირთვულ საკითხზე შეთანხმების გაუქმებას. ინდონეზიამ, როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, უარი თქვა რაიმე ზომების მიღებაზე და მიზეზად დაასახელა სხდომაზე კონსენსუსის არარსებობა. რუსეთმა დაგმო აშშ-ის მოქმედება.
მანამდე ვაშინგტონი შეეცადა გაეროს უშიშროების საბჭოში გაეტანა რეზოლუცია ირანისთვის იარაღის მიყიდვის ემბარგოს გაგრძელების თაობაზე. ემბარგოს მოქმედება 18 ოქტომბერს სრულდება. ამის შემდეგ თეირანი უშიშროების საბჭოსთან შეთანხმების გარეშე შეძლებს იარაღის შესყიდვას, კერძოდ - რუსეთისგან და ჩინეთისგან.
აშშ მიიჩნევს, რომ ეს მოახდენს სპარსეთის ყურესა და ახლო აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაციას. საბოლოოდ ემბარგოს გაგრძელებას მხარი დაუჭირეს აშშ-მა და დომინიკელთა რესპუბლიკამ, წინააღმდეგი იყვნენ რუსეთი და ჩინეთი. უშიშროების საბჭოს დანარჩენმა წევრებმა თავი შეიკავეს.
ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმდება 2015 წელს იქნა მიღწეული აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის. ირანმა, საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, უარი თქვა ბირთვული იარაღისთვის გამოსადეგ დონემდე ურანის გამდიდრებაზე.
2018 წელს აშშ ცალმხრივი წესით გამოვიდა ბირთვული გარიგებიდან და დაიწყო სანქციების გამკაცრება. შეზღუდვების მეშვეობით ვაშინგტონს სურს აიძულოს თეირანი, ხელი მოაწეროს ახალ შეთანხმებას, რომელიც შეეხებოდა არა მხოლოდ ბირთვულ, არამედ სარაკეტო პროგრამასაც.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა გაიზარდა მიმდინარე წლის დამდეგს აშშ-ის მიერ ირანელი მაღალი რანგის გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისა და ამის პასუხად ირანის მიერ ერაყში აშშ-ის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შემდეგ.