"ამ კანონპროექტის არსი გახლავთ სუს-ის დაქვემდებარებაში ერთგვარი მონსტრის შექმნა" - ოთო კახიძე მოსმენების კანონზე საუბრობს
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრი ოთარ კახიძე მოსმენების კანონზე საუბრობს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის იმ ბრალდებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც მან ოპოზიცია მოსმენების კანონზე საუბრისას პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმაში დაადანაშაულა.
“მოკლედ რომ შევაჯამოთ ამ კანონპროექტის არსი, ეს გახლავთ სუს-ის დაქვემდებარებაში, ერთგვარი მონსტრის შექმნა, რომელი მონსტრიც მთლიანად გააკონტროლებს მთელ სფეროს ფარული საგამოძიებო მოქმედებების. ამაში შედის როგორც მოსმენა ისე მიყურადება, თვალთვალი, აგენტის ჩანერგვა, ონლაინ მონაცემების კონტროლი, ყველაფერი ეს იყრის თავს სუს-ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში. მის ხელმძღვანელს წარადგენს სუს-ის უფროსი, ეს იქნება პრაქტიკულად სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება, რითაც ბიძინა ივანიშვილი თავის დაცვის უფროსს ვახტანგ გომელაურს უქვემდებარებს ყველა ბერკეტს, რომ გაკონტროლდეს ქვეყანაში ოპოზიცია და მედია. ხელისუფლებამ ყველაფერი ცუდი რაც იყო შეინარჩუნა და კარგი რაც ხდებოდა გააჩერა,“ - განაცხადა კახიძემ.