"უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?" - მაუწყებლის გამოკითხვა ვებ გვერდზე
ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა იწყება. ბორდი ახალი მენეჯმენტის მიერ შემუშავებულ რადიკალურ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას დღესაც განაგრძობს.
პარალელურად, საზოგადების მწვავე კრიტიკა უკვე დაიმსახურა მაუწყებლის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ, რომლის კითხვაც მდგომარეობს შემდეგში: “თქვენი აზრით, უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის სულხან სალაძის თქმით, აღნიშნული გამოკითხვა უადგილოა.
”თავად გამოკითხვა ვფიქრობ, უადგილო იყო, ვინაიდან დღეს საკითხი არ დგას ასე, ჩვენ გვჭირდება თუ არა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. დიახ ჩვენ გვჭირდება და ნებისმიერი გამოკითხვა, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებას, ვფიქრობ, რომ არის აბსოლუტურად უადგილო. სხვა თემაა გამოკითხვა რომ ყოფილიყო, როგორი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს, რას სტანდარტის, პრობლემები როგორ უნდა მოგვარდეს. გარდა ამისა, გუშინდელ სამუშაო შეხვედრაზე ვერ ვნახე კონკრეტული დოკუმენტი, რასაც ეს ხედვა ეყრდნობა და მე დღეს საბჭოს სხდომაზე ვაპირებ, რომ სწორედ ამ თემაზე გავაკეთო განცხადება,“ - განაცხადა სალაძემ.
ფინანსურ საკითხებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტის ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, მათ ამ გამოკითხვის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია და მენეჯმენტს ამაში მონაწილეობა არ მიუღია.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.