მიხეილ ჯანელიძე დღეს ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შეხვდება
![](http://rustavi2.com/news_photos/67795_cover_b.jpg)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შეხვდება. ეს იქნება პირველი მოლაპარაკება ახალი ადმინისტრაციის წევრსა და ქართულ მხარეს შორის. შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ ჯანელიძე უკვე ესაუბრა უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს მაიკ ფლინს და კონგრესმენებს.
“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დიდ ინტერესს საქართველოსადმი, ჩვენი რეგიონისადმი, იმ საკითხებისადმი რომელიც უკავშირდება ამერიკა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს დიდი შესაძლებლობა არის ჩვენთვის საქართველოსთვის, რომ პირველივე ეტაპზე ჩვენ გვქონდეს ძალიან მარალი დონის კომუნიკაცია“ - განაცხადა ჯანელიძემ.
დღეს შეერთებულ შტატებში ასევე აქტიურად მიდის მსჯელობა, თუ საბოლოოდ როგორ ფორმირდება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და რას უნდა ელოდნენ პარტნიორები. თუ რამეს შეცვლის ამერიკის და მისი მოკავშირეების ურთიერთობებში რუსეთთან მოლაპარაკება, რომელთან ურთიერთობაც ყველაზე დაბალ დონეზეა ცივი ომის დამთავრების შემდეგ.
ამ ფონზე ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ დღეებში ვაშინგტონში ჩამოდიან, ამბობენ, რომ საქართველო ამერიკის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებში დარჩება. რაც შეეხება კონგრესს, ქართული მხარის თქმით, საქართველოს იქ ორივე პალატაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რაც საკანონმდებლო ორგანომ არა ერთი რეზოლუციით და განცხადებით დაადასტურა.
ავტორი: დავით ნიკურაძე.