საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი უფლებების საკითხი შესაძლოა დავით სერგეენკოს უწყებამ შეისწავლოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი უფლებების საკითხი შესაძლოა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეისწავლოს. განცხადება დავით სერგეენკომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრაზე გააკეთა. მინისტრის განცხადებით, უწყება საკითხზე წერილობითი მიმართვის შემთხვევაში იმსჯელებს.
“პოლიტიკას ტელეკომპანიისას განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო და მისი დირექტორი თუმცა, ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ იქ მომუშავე ადამიანების, როგორც დასაქმებულების ასევე დამსაქმებლის უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ დაუშვათ შრომის ინსპექცია ან შრომის დავების მედიაცია არის მოკლე ვადებში რადიკალური გადაწყვეტილებების მიმღები, სინამდვილეში ამას თავის პროცედურა აქვს. თუ გათავისუფლებული თანამშრომლები მოგვმართავენ და ამას მიენიჭება კვალიფიკაცია კოლექტიური შრომითი დავის, როგორც ეს აზოტის შემთხვევაში იყო და ჩვენ 24 საათის განმავლობაში აქტიურად ჩავერთეთ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქცევით“ - განაცხადა სერგეენკომ.
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მათ განათლების სამინისტროდან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს კანონით სრული დაცვით და შესაბამისად ის ფიქრობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე თანამშრომლების გათავისუფლება იქნება კანონის სრული დაცვით.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის და აზოტის ქარხნის თანამშრომლების შრომითი უფლებების იგნორირების თემა სხდომაზე პროფკავშირების თავმჯდომარემ დააყენა. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საკითხის დარეგულირება დიალოგის რეჟიმში უნდა მოხდეს.