„ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებები საჭიროა" - სოზარ სუბარი საზოგადოებრივ მაუწყებელზე
მთავრობის წევრებმა პრემიერმინისტრის განცხადება, სადაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტისგან საინტერესო და თანამედროვე პროდუქტებს ელის, შეაფასეს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სოზარ სუბარი რუსთავი 2-ის ჟურნალისტების რაოდენობითაც დაინტერესდა და შედარების ამ მეთოდით ახსნა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ცვლილებების აუცილებლობა.
„ბუნებრივია, რომ გარკვეული ცვლილებები საჭიროა, რა უნდა იყოს ეს ცვლილებები და როგორი უნდა იყოს, ვერც მე ჩავერევი, არც პრემიერი და არც არავინ დღევანდელი მთავრობიდან. ეს არის უშუალოდ სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტის ერთობლივი მუშაობა და ერთობლივი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ნებისმიერი დაწესებულება იმის მიხედვით უნდა ფასდებოდეს, რამდენად ასრულებს თავის მისიას და ფუნქციას.
„ტელეკომპანიის ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ, რამდენადაც ვიცი ასე ქვია, მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო, რომ დაენიშნა ახალი დირექტორი, რომელმაც გააკეთა შეფასება ჩაითვალა, მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ამას უძღოდა ფართო კონსულტაციები წინ, რომ ამ ფორმატით ეს ინსტიტუცია ვერ ასრულებდა დაკისრებულ მისიას,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.