არაერთი მოქალაქე ახალ წელს უმუშევარი შეხვდება
სამინისტროებში თანამშრომლების გათავისუფლებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ბევრი მოქალაქე ახალ წელს უმუშევარი შეხვდება.
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო თანამშრომლების შემცირებას აანონსებს. მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმაც დაადასტურა. ერთ-ერთი პირველი, სადაც თანამშრომელთა შემცირების პროცესი დაიწყო, ინფრასტრუქტურის სამინისტროა. ოპტიმიზაცია განათლების სამინისტროშიც მიმდინარეობს.
რამდენი თანამშრომელი დატოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უცნობია. შემცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში. ოპტიმიზაცია საგარეო უწყებაშიც მიმდინარეობს. ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლებიც სამსახურის გარეშე დარჩენას ან ხელფასის შემცირებას ელოდებიან. საკადრო შემცირების ხარჯზე თანხის დაზოგვა კულტურის სამინისტროშიც იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, შემცირებები საჯარო მოხელეებს ადგილობრივ თვითმმართველობებსაც შეეხებათ. ცნობილია, რომ თანამშრომელთა შემცირება თეატრებშიც იგეგმება.
მესამე სექტორში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისა და ნეპოტიზმის საფრთხეზე მიუთითებენ. ადამიანური რესურსის ხარჯზე თანხის დაზოგვას სახალხო დამცველიც არ იწონებს. ოპტიმიზაციის პროცესს პოლიტიკური ოპონენტები ეწინააღმდეგებიან.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე