ფოთის პორტი პარალიზებულია - კომპანიები 100 ათასობით ზარალზე საუბრობენ
ფოთის პორტი 2 კვირის განმავლობაში პარალიზებულია. 3 დეკემბერს მომხდარი შტორმის გამო ნავმისადგომთან მისასვლელი არხი ქვიშამ და ქვაღორღმა ჩაკეტა, რის გამოც, ნავსადგურში სატვირთო გემების მიღება და გაშვება ვერ ხერხდება.
გადამზიდავები პორტის გაჩერებით გამოწვეულ ზარალზე პასუხისმგებლობას ნავსადგურის მმართველ კომპანიას აკისრებენ. კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, პორტის პარალიზების გამო, მათ 100 ათასობით ლარი უკვე იზარალეს.
მეწარმეების ინფორმაციით, შავ ზღვაში გაჩერებული გემები მალფუჭებადი პროდუქტით არის დატვირთული. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ზარალი კიდევ მოიმატებს.
დღეს, ფოთში ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ფოთის ნაცვლად, გემების ნაწილს, ბათუმის ნავსადგური მიიღებს.
ბათუმის პორტმა პარალიზებული ნავსადგურიდან, ამ დრომდე, მხოლოდ ერთი გემი მიიღო. მმართველმა კომპანიამ ოფიციალური განცხადება დღის ბოლოს გაავრცელა.
პორტში აცხადებენ, რომ დაზიანებული არხის გასაწმენდად შესაბამისი ტექნიკა ბულგარეთიდან საქართველოში შაბათს შემოვა და სამუშაოებისთვის კიდევ 10 დღე დასჭირდებათ.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი, სოფო ჭულუხაძე.