არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს
არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ანგარიშში, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დღეს გამოაქვეყნა, დეტალურადაა გაწერილი წინასაარჩევნო დარღვევები. არასამთავრობო ორგანიზაციაში ყველაზე პრობლემატურად ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელება მიაჩნიათ, ნეგატიურადაა შეფასებული საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების იძულების წესით მობილიზებაც.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო მმართველი გუნდის დაჯარიმებას ითხოვს საპარლამენტო უმცირესობა. არ არის გამორიცხული, რომ განაცხადით მათ ცესკო-საც მიმართონ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გარდა ხელისუფლება საბიუჯეტო თანხებსაც ხარჯავს.
მმართველი გუნდი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშში მოყვანილი კონკრეტული ფაქტების შესწავლას გეგმავს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ფარული ჩანაწერების გავრცელებას კატეგორიულად გამორიცხავს.
ავტორი: ნატა მახვილაძე.