"ივანიშვილი ნელ-ნელა უახლოვდება რაციონალურობის ზღვარს" - ნიკა რურუა
ნაციონალური მოძრაობა არჩევნებზე ხმების 30%-ს მიიღებს, ამბობს ბიძინა ივანიშვილი. გასული კვირების განცხადებების შემდეგ, როდესაც ყოფილი პრემიერი მთავარი ოპოზიციური ძალის რეიტინგის კვლევაზე საუბრობდა, გუშინ მან მოულოდნელად საპირისპირო განცხადება გააკეთა. გორში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილმა ყოფილ სახელისუფლებო პარტიას ამომრჩეველთა ხმების ერთი მესამედი უწინასწარმეტყველა. ყოფილი პრემიერის ეს სიტყვები დღეს პოლიტიკურ პარტიებში განხილვის თემად იქცა.
“ივანიშვილი ნელ-ნელა უახლოვდება რაციონალურობის ზღვარს და აღიარებს სიმართლეს, რომელიც შეუცვლელია, რომელიც ფაქტობრივია. მან თავიდან თქვა რომ, ნაციონალური მოძრაობა თავიდან ვერ გადალახავდა ბარიერს. მერე თქვა, რომ ისინი მხოლოდ 10 კაცს შეიყვანენ, გუშინ თქვა, რომ 30% აქვთ მხარდაჭერაო, რაც შემდეგ სასწრაფოდ სამთავრობო ტელევიზიებმა გააბათილებს კვლევებით, რომელიც დღეს დადეს,“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის, #1 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა რურუამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრწანისის, #7 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი აბესაძის თქმით, ეს არის "უბრალოდ ფაქტებით ჟონგლიორობა საზოგადოების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა."
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.