პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმდებლობამ და ზეწოლებმა გააჭიანურეს კონკრეტული საქმის დასრულება - გიორგი პაპუაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც სასამართლომ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის 2 სარჩელი. შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოცხადა.
“ბოლო თვეების განმავლობაში გაიწელა გადაწყვეტილების მიღება, ეს არ ეხება მხოლოდ ამორალურ გარიგებას, ეს ასევე ეხება სხვა საქმეებს და სხვა საქმეებიც არის, რომელზეც მე გული მწყდება, რომ ვერ მოვასწარით ამ საქმეების დასრულება. როდესაც პარლამენტმა მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა, რომელმაც შეაფერხა პროცედურები სასამართლოში საქმეების განხილვის და შემდგომ ის ზეწოლები, რაზედაც ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად გვიწევდა საუბარი, ყველა ამ პროცესებმა ხელი შეუწყო იმას, რომ ყველა საქმის დასრულება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ზეწოლებზე ის შეთანხების მიხედვით პროკურორთან გაცვლის ინფორმაციას. ის ასევე ამბობს, რომ არ აპირებს ჩაერიოს პროკურატურის საქმიანობაში და მის დადებულ შედეგებს საზოგადოება შეაფასებს.
ასევე ყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ახალ შემადგენლობას მოუწევს რუსთავი 2-ის და სხვა საქმეების თავიდან განხილვა და მათ ეს მოკლე და გონივრულ ვადებში უნდა გააკეთონ.