სუს-მა, სავარაუდოდ, უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის მუხლით გამოძიება უსაფრთხოების სამსახურმა იმ ჩანაწერებზე დიწყო, რომელიც, სავარაუდოდ, უკანონოდ არის მოპოვებული და რომლის ავთენტურობაც ჯერ დადგენილი არ არის.
მორიგი აუდიომასალა დღეს დილით აიტვირთა. მთავარი მოქმედი გმირები კვლავ ყოფილი პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან.
იუთუბზე ატვირთვისა და შემდეგ ქართული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრები სუს-ის გამომძიებლების კითხვებზე პასუხების გაცემას მხოლოდ პარტიის ცენტრალურ ოფისში გეგმავენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ წიკლაურთან და მინაშვილთან ერთად უწყება ყველა იმ პირის გამოკითხვას გეგმავს, ვინც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს. სუს-ის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს ჩანაწერის ავთენტურობის დადგენა და ხმების იდენტიფიცირება.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამართლებრივი დახმარების მიზნით შუამდგომლობა უცხო ქვეყნებშიც გაიგზავნება. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი ფიგურირებს, სუს-მა გამოძიება სისხლის სამართლის 315-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას გულისხმობს.
ავტორი: ანა წერეთელი