შეთქმულების თეორიების 4-წლიანი ანთოლოგია
შეთქმულების თეორიების 4-წლიანი ანთოლოგია არაერთ საქმეს მოიცავს, როდესაც ფარული ჩანაწერების საფუძველზე იწყება გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის მუხლით. ზოგადად ფარული მიყურადება, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და უკანონო მოსმენები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური იყო და ამ წლების მანძილზე არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც გამოძიება ბოლომდე მისულიყო.
დაახლოებით ერთი წლის წინ ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის საიტზე რამდენიმე ფარული აუდიომასალა გამოქვეყნდა. მათ შორის იყო, სავარაუდოდ, დიალოგი მიხეილ სააკაშვილსა და რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს შორის. ასევე გასაჯაროვდა ყოფილი პრეზიდენტისა და გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბარიც.
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი კიდევ ერთ უკანონო ფარულ მასალაში ფიგურირებს. რამდენიმე კვირის წინ პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას შორის შემდგარი პირადი სატელეფონო დიალოგი გავრცელდა.
ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობია 2014 წლის მარტში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, "ჰაკიმ ფაშას" სახელით ატვირთული მასალის გამავრცელებლის ვინაობაც.
ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული მასალების გარდა, ამ დრომდე უცნობია გამოძიებისა და მოკვლევის შედეგები იმ საჯარო განცხადებების შესახებ, რომელიც ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ კომპრომატებს ეხება. მათ შორისაა გიორგი პაპუაშვილის საჯარო მიმართვა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მის მიმართ ფარული მასალებით შანტაჟზე საუბრობს. ასევე, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მთავრობის მხრიდან მსგავსი მუქარის შესახებ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე