თბილისში საცობების მოგვარებისთვის ბიუჯეტიდან ტყუილად დახარჯული ფული
სააკაძის მოედანზე წრიული მოძრაობა დაახლოებით ერთი თვეა, შუქნიშნებით რეგულირდება. ამის მიუხედავად, მძღოლებს რამდენიმე წუთის განმავლობაში საცობში დგომა მაინც უწევთ. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ ტერიტორიაზე თითქმის მთელი დღის განმავლობაში შეფერხებულია.
იმისთვის, რომ სააკაძის მოედანზე მოძრაობა შედარებით თავისუფალი გამხდარიყო, მერიამ 100 ათასი ლარი დახარჯა და კონსულტაცია იმ გერმანულ კომპანიას სთხოვა, რომელიც საცობების პრევენციის მიზნით მანამდე მხოლოდ რუსეთის ბაზარზე მუშაობდა. მოედნის სრულ რეკონსტრუქციაზე კი მილიონამდე ლარი დაიხარჯა. მთავარი პრობლემა კი ისევ მოუგვარებელი დარჩა.
ოპოზიცია მერიას თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
არამიზნობრივად ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვას არ ადასტურებენ მერიში. საცობების გაზრდას კი მერიის წარმომადგენლები თბილისში ავტომობილების სიმრავლეს უკავშირებენ.
ავტომობილების სიმრავლისა თუ დაუსრულებელი სამუშაოების მიზეზით თბილისში კიდევ ერთი საკვანძო ადგილი მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაა. გზის რეაბილიტაცია თავდაპირველი ვადის მიხედვით აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო. მერიამ მოგვიანებით ეს ვადა 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა სამუშაოების დასრულება ვერც ამ დროში ესწრება.
რატომ ვერ ახერხებს მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გზების რეაბილიტაციას, ამის შესახებ კეთილმოწყობის სამსახურში არ უსაუბრიათ.
ავტორი: ეკო მაღრაძე