NDI-ის კვლევები და პოლიტიკური პარტიების პრეტენზიები კვლევების შედეგებს
NDI-ის კვლევის პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით, პრეტენზიები აქვთ იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებს, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და ოთხეულს მიღმა დარჩნენ და მათაც, ვინც ოთხეულში მოხვდნენ.
არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, საკუთარი მოლოდინების შექმნას ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით არ გეგმავენ მმართველ გუნდში. მათი მთავარი არგუმენტი ტრადიციულად უნდობლობაა. ამასთან, ქართული ოცნების არგუმენტებს შორის გაჩნდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მაღალი მაჩვენებელიც.
მმართველი გუნდის გარდა, NDI-ის მონაცემებს სკეპტიკურად უყურებს იმ ოპოზიციური პარტიების ნაწილიც, რომლებმაც 5%-იანი ვერ გადალახეს და იმ პარტიათა ნაწილსაც, ვინც ეს ბარიერი, ამ გამოკითხვით, გადალახა. მეორე ადგილზე გასული საპარლამენტო უმცირესობა კი პარტიულ შედეგებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით ხსნის.
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დათვლილი რეიტინგების მიხედვით პირველად, პირველ ოთხეულში ვერ მოხვდნენ თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტები.
პარტიულ რეიტინგებამდე ორი დღით ადრე, ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა წინასაარჩევნო კვლევის სოციალურ-ეკონომიკური ნაწილი გამოაქვეყნა. ამ მონაცემებმა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ნაკლები კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა, მმართველი გუნდის ნდობა ვერც ამ მონაცემებმა მოიპოვა.
ეს არის ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე