პრემიერმა თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ "რესპუბლიკელი" მინისტრების განცხადებები დააკმაყოფილა
თავდაცვის მინისტრის პოსტი ვაკანტურია. პრემიერმინისტრმა დააკმაყოფილა თინა ხიდაშელის განცხადება თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. ასევე ხელმოწერილია კიდევ ერთი მინისტრის თანამდებობიდან წასვლის განცხადება. ხიდაშელთან ერთად პაატა ზაქარეიშვილიც ტოვებს პოსტს.
რესპუბლიკელი მინისტრები მიდიან და ახლა კვირიკაშვილმა მათი შემცვლელები უნდა დაასახელოს.
განსაკუთრებით აქტუალურია თავდაცვის მინისტრის კანდიდატურა და ამ პოსტზე რამდენიმე გვარი სახელდება. მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილიე დავით ზალკალიანი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია. თუმცა, პრემიერის საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
არც ერთი რესპუბლიკელი მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.
მმართველი გუნდი რესპუბლიკელი მინისტრების საკუთარი რესურსით ჩანაცვლებას გეგმავს. ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს ფორმატში პრემიერთან მმართველმა გუნდმა უკვე ისაუბრა.
ავტორი - ელისო ჯარიაშვილი