პროკურატურისთვის ცნობილია იმ მოსამართლის ვინაობა, რომელზეც ზეწოლა განხორციელდა
გამომძიებლებისთვის უკვე ცნობილია იმ მოსამართლის სახელი და გვარი, რომელზეც ზეწოლა ხორციელდება. ინფორმაცია დღეს გამომძიებლებს, მოსამართლეებმა ქეთევან ერემაძემ და კონსტანტინე ვარძელაშვილმა მიაწოდეს.
ორივე მოსამართლე ამბობს, რომ მათთვის გიორგი პაპუაშვილის განცხადება მოულოდნელი არ იყო და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მათ რამდენიმე დღით ადრე ეს ინფორმაცია გააცნო.
დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა თავად პაპუაშვილიც, რომელიც მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა. ერთი საათის განმავლობაში შეხვედრაზე პაპუაშვილმა შოთაძეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა, თავის მხრივ კი პროკურორმა პირობა დადო, რომ საქმეზე გამოძიება ობიექტურად წარიმართება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პროკურატურაში კიდევ ერთხელ მივიდეს, რადგან დღეს ის არ დაუკითხავთ.
პროკურატურაში კი დაკითხვები გრძელდება, გამომძიებლები მოსამართლეებს ხვალაც ელოდებიან.
სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების მუხლით გამოძიება ორი დღის წინ დაიწყო.
ავტორი ქეთი ნადიბაიძე