ნული ქულით შეფასებული ევა გოცირიძე დღეს ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია
ევა გოცოირიძე სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატია. იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც თავის დროზე ვერ მოხვდა კომისიის მიერ შერჩეულ სამ კანდიდატს შორის და არასამთავრობოებისგან ნული ქულა მიიღო, მაინც იქნება წარდგენილი სტრასბურგში.
გოცირიძე ნანა მჭედლიძეს ჩაანაცვლებს, რომლის კანდიდატურაც ევროსასამართლომ უკვე დაიწუნა.
კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ხელისუფლებამ არჩევანი ევა გოცირიძეზე შეაჩერა, დღეს იუსტიციის მინისტრმა განმარტა. მორალში ქულები არ იწერება, მთავარია კვალიფიკაცია - ასეთია წულიკიანის პოზიცია მოსამართლეზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის დაკანონებასაც ითხოვდა.
ევა გოცირიძის კანდიდატურის დასახელების გამო მთავრობა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღიად გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მათთვის გაუგებარია თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა გოცირიძე.
გოცირიძის კანდიდატურა მიუღებელია მესამე სექტორისთვისაც, არასამთავრობოები პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ.
ავტორი ანა წერეთელი.