ზეწოლა პრეზიდენტზის სიძეზე - სამართალდამცველებს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ
პროკურატურაში დაკითხვები გრძელდება პრეზიდენტის სიძის საქმეზეც. დღეს საგამოძიებო უწყებაში მინდია გოგოჭურის ის მეგობრები დაიკითხნენ, რომლებიც გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრთან ერთად გააჩერეს და გაჩხრიკეს სამართალდამცველებმა.
გოგოჭურის მსგავსად მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ მისი მეგობრებიც, თუმცა გამოძიების მიმდინარეობას და ერთი თვის წინ მომხდარ ზეწოლის ფაქტს ადვოკატი ვრცლად აფასებს.
სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა კანონი დაარღვიეს. ბარათაშვილის განცხადებით, 28 ივნისს კაჭარავა და თათარაშვილი პრეზიდენტის სიძესთან მინდია გოგოჭურთან ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც მოხდა მათი და ავტომობილის ჩხრეკა.
ადვოკატის მტკიცებით, სამართალდამცველებს ქონდათ ინფორმაცია, რომ იარაღს თათარაშვილი ინახავდა, თუმცა პრეზიდენტის სიძის ბინის ჩხრეკა განახორციელეს.
სოსო ბარათაშვილი ასევე აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკის ოქმი მხოლოდ ახალგაზრდების პირადი და გოგოჭურის ბინის ჩხრეკის შემდეგ წარმოადგინეს.
აღნიშნულ თემაზე დღეს კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა კახა კოჟორიძე შს სამინისტროს თანამშრომლები უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა.
თავად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კი ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ამბასადორიალზე მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების კითხვა უკომენტაროდ დატოვა. არ არის გამორიცხული პროკურატურაში გამოკითხვაზე საქართველოს პრეზიდენტიც დაიბარონ.
ავტორი ირინა კეჭაყმაძე