ქვეყნიდან გაქცეული პროკურატურის ოქროს მოწმე - ცრუ ჩვენებები მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ნადირაძე საქართველოდან გაიქცა. პროკურატურის ოქროს მოწმე პოსტსკრიპტუმთან იმ სქემის შესახებ ყვება, თუ როგორ აყალბებს ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება გახმაურებულ საქმეებს.
ირაკლი ნადირაძის ჩვენებით ახლა ციხეში ზის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, ის გალის რაიონის მკვიდრის, ელბერტ კობერიძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. იძებნება გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი - გიგი კალანდაძე, პასუხისგებაში მისცეს, კუდი-სა და სოდი-ს მაღალჩინოსნები. ახლა კი, ჩვენების მიცემიდან ორი წლის შემდეგ, ნადირაძე უცხოეთიდან პოსტსკრიპტუმს უყვება, იმ სპექტაკლის შესახებ, რომელიც პროკურატურამ დადგა.
ირაკლი ნადირაძე სკანდალურ ინტერვიუში ყვება, რომ ცრუ ჩვენებები საქმის სხვა მოწმეებმაც მისცეს, რადგან მათი ნაწილი დაკითხვის დროს პატიმარი იყო და პროკურატურამ ამ ჩვენების სანაცვლოდ, ისინი ციხიდან გაუშვა.
პროკურატურა საქმეში ირაკლი ნადირაძის ჩვენების არსებობას ადასტურებს, თუმცა ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
საპირისპიროს ამტკიცებს, ნადირაძის ჩვენების საფუძველზე დაკავებულთა და ძებნილთა ადვოკატი რომეო საჯაია. მისი თქმით, ირაკლი ნადირაძის ჩვენებებში არა ერთი უზუსტობაა, რაც ბადებს გონივრულ ეჭვის, რომ მისი ჩვენება ზეწოლის შედეგად არის მოპოვებული.
პროკურატურის ოქროს მოწმე - ირაკლი ნადირაძე ახლა მზად არის პროკურატურის წინააღმდეგ მისცეს ჩვება და სასამართლოს უამბოს საგამოძიებო უწყებაში მასზე, როგორც მოწმეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.
ავტორი: ნოდარ მელაძე.