ნატო ბრუნდება - ალიანსის სამხედრო გაძლიერება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
„ალიანსი აძლიერებს სამხედრო ყოფნას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, და ამ კუთხით შეერთებული შტატები იქნება წამყვანი ქვეყანა პოლონეთის ფლანგზე“ - ამ განცხადებით ბარაკ ობამამ პოლონეთში ათასი ამერიკელი სამხედროს განთავსებაზე მიღებული გადაწყვეტილება დაადასტურა.
2017 წლიდან ასეთივე ათასკაციანი კონტიგენტები სამ ბალტიურ სახელმწიფოშიც განთავსდება. ლატვიაში კანადელები დადგებიან. ესტონეთში - ბრიტანელები. ლიტვაში - გერმანელები.
ნატო რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას გეგმავს და 2014 წლის შემდეგ 13 ივლისს ნატო შეხვდება რუსეთის ელჩს. საუბარი უმთავრესად უკრაინას შეეხება. საქართველოს წინააღმდეგ აგრესია დიალოგის დღის წესრიგში არ შედის, თუმცა ალიანსი ისევ ითხოვს საქართველოს დეოკუპაციასა და აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის გაუქმებას.
ვარშავის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში საქართველო კანდიდატთა პირველ ნომრად დასახელდა. დეკლარაციაში MAP-ის აუცილებლობაზეა საუბარი, მაგრამ იქვე წერია, რომ საქართველოს ისედაც აქვს ყველა საჭირო ფორმატი გასაწევრიანებლად, განსაკუთრებით, 2014 წელს მიღებული ე.წ. არსებითი პაკეტი.
ვარშავის სამიტამდე საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩამოვიდა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებასთან სამხედრო მემორანდუმი გააფორმა.
არჩევნების შემდეგ საქართველოში ნატოს მმართველი ორგანოს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.
ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.