ჯოჯოხეთად ქცეული ანგელოზები - "ცენტრ პოინტის" საქმე განახლდა
ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, თეთრი ქანდაკებებით გაფორმებული მასშტაბური ნაგებობა, რომლისთვისაც თავის დროზე მაია რჩეულიშვილს ანგელოზების დარქმევა სურდა, მისი ოჯახისთვის შესაძლოა ჯოჯოხეთად იქცეს. დღეს ჩიტაძის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში, სადაც ცენტრ პოინტის ყოფილი გენერალური დირექტორი, გუკა რჩეულიშვილი ეგულებოდათ, მოსამართლის განჩინებით სამართალდამცავები მისი დაპატიმრების განზრახვით მივიდნენ.
დღეს კომპანია ცენტრ პოინტი აჭარას დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავეს.
ვახტან რჩეულიშვილი პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტიულებას კომპანია ცენტრ პოინტის წინააღმდეგ წამოწყებულ ახალ პროვოკაციად აფასებს და სამართალდამცავი უწყების გააქტიურების უკან ქვეყნის ყოფილ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს ხედავს.
პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს თავად მაია რჩეულიშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ ბათუმში არსებული კომპანიაც მისი საკუთრებაა და პროკურატურას ფულის გაფლანგვის საქმის გამოძიების დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო თუ მსგავსი მოთხოვნით ის თავად მიმართავდა.
ცენტრ პოინტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2012 წელს აღიძრა. პროკურატურა კომპანიის დამფუძნებლებს - მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 11 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. 2013 წლის ივლისში გამართულ სასამართლო პროცესზე კი, სადაც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებდა, დები ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ავტორი: გიორგი გვიშიანი