ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააგრძელებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააგრძელებს. განცხადება იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტამდე 4 დღით ადრე, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი კვლავ დაეხმარება საქართველოს, რომ ქვეყანა წინ აღუდგეს გარე ზეწოლას.
„ახლა უფრო მეტი ნატოა საქართველოში ინსტრუქტორებთან და მრჩევლებთან ერთად. დავეხმარებით საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებასა და თავდაცვითი ინსტიტუტების შენებაში. შევხვდებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა წარმომადგენლებს, რომ განვიხილოთ თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ახლო პარტნიორთან. ვაფასებთ საქართველოს, რომ გვეხმარება ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციებში, მათ შორის ავღანეთში, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და ვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას არის ის, რომ, დავეხმაროთ საქართველოს, გაზარდოს მოქნილობა და შესაძლებლობები იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს გარე ზეწოლას. ასე რომ, რა თქმა უნდა ნატო-სთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რადგან საქართველომ ბევრჯერ განიცადა გარე ზეწოლა და ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას, რომ წინ აღუდგეს ამ ზეწოლას,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საკითხი არ დასრულდება ვარშავის სამიტით, რომელიც 8-9 ივლისს გაიმართება და მუშაობა ამ თემაზე მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს ახალი კონცეფცია ნატოს დღის წესრიგშია.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე.