ნატო-ს ვარშავის სამიტი და ქართველი პოლიტიკოსების მოლოდინი
რას უნდა ელოდოს საქართველო ნატო-ს ვარშავის სამიტიდან-ამ თემაზე თბილისში აზრთა სხვადასხვაობაა. სამიტზე ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ქართულ ოცნებაში საუბრობენ და ოპონენტებს აკრიტიკებენ.
"საქართველოს და ალიანსის ევროატლანტიკური თანამშრომლობის ხარისხი იზრდება ინტენსიური ხდება და პრაქტიკულად ერთ სფეროში მოიაზრება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ამ თემას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ,"- აცხადებს გია ვოლსკი.
ნატო-ს ვარშავის სამიტზე სერიოზულ გადაწყვეტილებებს არ ელოდებიან ნაციონალურ მოძრაობაში, ამის მიზეზად კი პარტიაში მთავრობის არასწორი და არათანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას ასახელებენ.
"ამ სამიტიდან ჩვენი ამოცანა იყო რომ გაწევრიანებისკენ გადაგვედგა ნაბიჯი და მეორე, მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას. სამწუხაროდ ურთიერთგამომრიცხავი საგარეო პოლიტიკით ასეთი შედეგის მიღება ამ სამიტზე შეუძლებელია. არანაირ სერიოზულ გადაწყვეტილებას არ ველოდები,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია.
ირაკლი ალასანია კი აცხადებს, რომ საქართველომ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს რათა მოხდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება.
"არ დავკარგოთ რწმენა საკუთარ თავში და ნატო-ში. მით უმეტეს ნატო ცვლის დამოკიდებულებას რუსეთთან. აღმოსავლეთ ფრონტზე ასეთი მასიური წვრთნები ცივი ომის მერე არ განხორციელებულა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა,"- აცხადებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია.